ავტორიზაცია
გენომის ეპიგენეტიკური დონის განსაზღვრა ჰაშიმოტოს დაავადების დროს
ავტორი: მარტა აფხაზავაანოტაცია:
გენომის ეპიგენეტიკური გარდაქმნები მიეკუთვნება სტაბილურ, მამკვიდრეობით და ამავდროულად შექცევად მოდიფიკაციას. ეპიგენეტიკკური პროცესები (განსაკუთრებით დნმ-ს და ქრომოსომათა მეთილირება) გარემო და გენეტიკურ ფაქტორებთან (გენომის არასტაბილურობის და სინთეზური პროცესების ცვალებადობის ჩათვლით) ერთობლიობაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს მრავალი დაავადების, მათ შორის აუტოიმუნური თირეოიდიტის (ჰაშიმოტოს დაავადება) პათოგენეზის შესწავლაში. ჰაშიმოტოს დაავადების დროს დასაშვებია დნმ-ს მეთილირების ცვალებადობა. დაავადებების უმეტესობის დროს ყველა ეპიგენეტიკური ცვლილება, მათ შორის დნმ-ს საერთო მეთილირების ცვლილება ქსოვილსპეციფიურია - უპირატესად აღინიშნება პათოლოგიურ პროცესში ჩართულ ქსოვილებსა და უჯრედებში. მეთილირების ცვალებადობა რიგ შემთხვევაში გამოიხატება ჰომოცისტეინის დონის ვარირებით. ჰომოცისტეინის შემცველობა განსხვავებულია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში. აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება) მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მზარდი სიხშირით, რომელიც უპირატესად ვითარდება ქალებში. ჰაშიმოტოს ჩიყვის დროს, ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს საკუთარი ორგანოს - ფარისებრი ჯირკვლის მიმართ, რის შედეგად მისი ქსოვილი გაიჟღენთება ლეიკოციტებით, რომელთა მოქმედება იწვევს ჯირკვლის ანთებას - თირეოიდიტს. კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ჰაშიმოტოს დაავადების გენეტიკური შესწავლა საქართველოში პირველად განხორციელდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გენომის ეპიგენეტიკური ცვლილებების შესწავლა აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულ საშუალო ასაკის (25-45 წლის) ქართული პოპულაციის წარმომადგენელ ქალბატონებში. კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა: • საერთო მეთილირების დონისა და ჰომოცისტეინის კონცენტრაციის დადგენა; • ქრომოსომათა მუტაციების (აბერაციები, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, ფრაგილური საიტები) დონის განსაზღვრა; • აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის დადგენა და ბირთვაკმაორგანიზებელი უბნების აქტივობის შეფასება ჰაშიმოტოს დაავადების დროს, ქართულ პოპულაციაში. კვლევის მასალად გამოყენებული იყო ჰაშიმოტოს თირეოიდიტით დაავადებულთა ვენური სისხლის შრატი და ლიმფოციტურ კულტურათა უჯრედები. კვლევებში გამოიყენებოდა შემდეგი მეთოდები: • დნმ-ს გამოყოფის მეთოდი; • იმუნოფერმენტული მეთოდი (ELISA); • ლიმფოციტების კულტივირების მეთოდი; • მუტაციების აღრიცხვის მეთოდი; • აკროცენტრულ ქრომოსომათა ბირთვაკმაორგანიზებელი უბნების Ag-ბენდირების მეთოდი. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ: ჰაშიმოტოს თირეოიდიტით დაავადებული ინდივიდების ლიმფოციტურ კულტურათა უჯრედებში: • შემცირებულია მეთილირების საერთო დონე, რაც თანხვდება ლიტერატურულ მონაცემებს აუტოიმუნური დაავადებების დროს მეთილირების ცვლილებასთან დაკავშირებით. • გაზრდილია ქრომოსომული აბერაციებისა და პოლიპლოიდიის სიხშირე. • მომატებულია ფრაგილური საიტების სიხშირე, რაც სპეციფიკურად E, F და G ჯგუფის ქრომოსომებზე აღნიშნული საიტების რაოდენობის მატებით გამოვლინდა. • გაზრდილია: ასოციაციების შემცველი მეტაფაზების სიხშირე, ქრომატიდული ასოციაციებისა და 1 და 2 ქულიანი Ag დადებითი ქრომოსომების რაოდენობა უჯრედზე, რაც სინთეზური პროცესების ინტენსივობის ზრდაზე მიუთითებს.
მიმაგრებული ფაილები:
The Level of Genome’s Epigenetic Variability in Hashimoto’s Disease [en]გენომის ეპიგენეტიკური დონის განსაზღვრა ჰაშიმოტოს დაავადების დროს [ka]