ka | en
Company Slogan TODO

გენომური მახასიათებლების შესწავლა ფილტვის კიბოს შემთხვევაში

ავტორი: ნანო მიქაია
საკვანძო სიტყვები: ეპიგენეტიკა, ფილტვის კიბო, ALK და EGFR გენები
ანოტაცია:

კიბო ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც მსოფლიოს დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030 წლისთვის (Cancer Statistic Centre 2016). მოცემული შრომის მიზანს წარმოადგენდა ფილტვის კიბოთი დაავადებულ ინდივიდებში გენომური პარამეტრების ცვალებადობის დადგენა და რიბოსომული ცისტრონების აქტივობის შესწავლა. ქრომოსომათა მუტაციების (აბერაციები, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, ცენტრომეროს ნაადრევი დაცილება, ფრაგილური საიტები) დონის განსაზღვრა; აკროცენტრულ ქრომოსომათა სიხშირისა და რიბოსომული ცისტრონების ექსპრესიის შეფასება. კვლევის მასალად გამოყენებული იყო პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების სტიმულირებულ კულტურათა უჯრედები. ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, საკონტროლო მაჩვენებლებთან შედარებით სარწმუნოდ გაიზარდა ქრომოსომათა სტრუქტურული (აბერაციები, ფრაგილური საიტები) და რაოდენობრივი (ცნდ, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია) დარღვევების სიხშირე. ამასთან მამრობითი სქესის პაციენტებში ანეუპლოიდური უჯრედების 58%-ში აღინიშნა Y ქრომოსომის დაკარგვა. ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სარწმუნოდ გაიზარდა ცენტრომერული ფრაგილური საიტების სიხშირე, ხოლო მედიალური შემცირდა. ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციათა სიხშირე სარწმუნოდ აღემატება საკონტროლო მონაცემებს, რაც მიუთითებს რიბოსომული გენების ტრანსკრიპციული აქტივობის მომატებაზე. მე-15 ქრომოსომის ასოციაციებში შესვლის ინტენსივობა ფილტვის კიბოთი დაავადებულ ყველა პაციენტში სარწმუნოდ გაზრდილია საკონტროლო მონაცემთან შედარებით. სარწმუნოდ არის გაზრდილი 1 ქულიანი Ag+ქრომატიდთა სიხშირე ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, ხოლო 2 ქულიანი Ag+ქრომატიდთა სიხშირე კი დაკლებულია საკონტროლო მონაცემთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

miqaia nano Eng [en]
miqaia nano Geo [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com