ka | en
Company Slogan TODO

ატმოსფერული ნალექებით გამოწვეული ეროზიული პოტენციალის შეფასება შედარებითი მეთოდის გამოყენებით (კახეთის მაგალითზე).

ავტორი: ანა ბერძენიშვილი
საკვანძო სიტყვები: ატმოსფერული ნალექები, ეროზიული პოტენციალი, გეოინფორმაციუი სისტემა, კახეთი
ანოტაცია:

ანოტაცია კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მაჩვენებელი ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის ცვლილებაა. იგი უდიდეს გავლენას ახდენს მიწათმოქმედებაზე, რადგან ნიადაგის ეროზიის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ჩვენი კვლევა ითვალისწინებს კახეთის რეგიონში ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის შეფასებას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევისას დავეყრდენით R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს (ღორჯომელაძე, თურმანიძე, & გოგიჩაიშვილი, 2012) კახეთის თითოეული სადგურისათვის, შემდეგ ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდებით განვსაზღვრეთ იგივე ფაქტორი (თითოეული მეთოდისათვის ცალ-ცალკე) და მიღებული შედეგები შევადარეთ R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს, რამაც საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა ცალკეული მეთოდის ვალიდურობა საკვლევი რეგიონისთვის. საბოლოოდ კი, დავადგინეთ ერთი მეთოდი, რომელიც ყველაზე უფრო უკეთ განსაზღვრავს ზემოთაღნიშნულ პოტენციალს კახეთის კლიმატური პირობებისთვის. სამივევე მეთოდის შედეგებიდან გამომდინარე ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის მაქსიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა ლაგოდეხში, ხოლო მინიმალური დედოფლისწყაროში, რაც განპირობებულია ატმოსფერული ნალექის რაოდენობითა და ინტენსივობით. თელავის, საგარეჯოსა და გურჯაანის სიდიდეები ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდება, რაც გარკვეულწილად მსგავსი კლიმატით აიხსნება. ჩვენს მიერ გამოყენებული სამი მეთოდიდან (I მეთოდი - Loureiro & Couthino, II მეთოდი - Asaro & Santoro, III – Renard & Freimund), კახეთისათვის ოპტიმალური აღმოჩნდა III მეთოდი, რომლის შედეგები ყველაზე ახლოსაა R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელთან (ღორჯომელაძე, თურმანიძე, & გოგიჩაიშვილი, 2012). III მეთოდის გამოყენებით მიღებული შედეგებიდან გამომდინარე I პერიოდში R ფაქტორის მაქსიმალური მნიშვნელობა გვაქვს ლაგოდეხში 34.28 ერთ. ხოლო მინიმალური თელავში 20.58 ერთ. გურჯაანსა და საგარეჯოში კი შესაბამისად 23,08 ერთ. და 21,66 ერთ. II პერიოდში ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალი მაქსიმალურია კვლავ ლაგოდეხში - 31.65 ერთ. აქედან გამომდინარე ლაგოდეხში დაფიქსირდა R ფაქტორის კლება 7.7 %-ით, თელავში დაფიქსირდა მატება 9.7 %-ით, საგარეჯოშიც ასევე გვაქვს R ფაქტორის მატება 7.1 %-ით, ხოლო გურჯაანში კლება 3.5 %-ით. III პერიოდში, ჩვენს მიერ ზემოთგანხილული სადგურებიდან, R ფაქტორის მაქსიმალური მნიშვნელობა გვაქვს თელავში 20.77 (ამ პერიოდისთვის არ გვაქვს ლაგოდეხის მონაცემები),ეს მაჩვენებელი 1.8 ერთეულით ნაკლებია II პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შეადგენს 7.9 %-ს, ხოლო 0.72 ერთეულით ნაკლებია R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მავენებელზე (21.49), ე.ი. დაფიქსირდა 3.3 %-ით კლება 1990 წლამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. III პერიოდში მინიმალური სიდიდე დაფიქსირდა დედოფლისწყაროში - 14.40 ერთეული, რაც 5.4 %-ით ნაკლებია II პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო 6.4 % - ით ჩამორჩება R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს (15.40). ე.ი ზემოთხსენებული ორივე მეტეოსადგურის (თელავი, დედოფლისწყარო) მონაცემების მიხედთვით, ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალი შემცირდა R30-ის 1990 წლამდე არსებულ საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით. კვლევები შესრულდა გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებით და ჩვენს მიერ თავმოყრილი მასალა ცხრილებისა და გრაფიკების სახით სივრცულად დავუკავშირეთ (მივაბით) კახეთის რეგიონის მონაცემთა ბაზას, რაც მის მოხმარებას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს გახდის. ნაშრომის შესრულებისას გამოყენებულ მეთოდებსა და მიღებულ შედეგებზე გამოქვეყნდება სტატია სამეცნიერო ჟურნალში, რაც ხელს შეუწყობს მკვლევარების დაინტერესებას მსგავსი საკითხებით.


მიმაგრებული ფაილები:

Assessment of Rainfall Erosivity, Comparison among Methods (Case of Kakheti, Georgia) [en]
ატმოსფერული ნალექებით გამოწვეული ეროზიული პოტენციალის შეფასება შედარებითი მეთოდის გამოყენებით (კახეთის მაგალითზე). [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com