ავტორიზაცია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის პროგნოზული მარკერები და სტრატიფიკაცია
ავტორი: ანი ბილანიშვილისაკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ), ქლლ უჯრედები, Toll-ის მსგავსი რეცეპტორი
ანოტაცია:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ზრდასრულთა ლეიკემიების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, საქართველოს ჩათვლით. ქლლ ხასიათდება CD19+/CD5+/IgMlow/CD23+ ფენოტიპის მქონე უჯრედების კლონური ექსპანსიით და აკუმულირებით ძვლის ტვინში, პერიფერიულ ლიმფურ ორგანოებსა და ქსოვილებში. ქლლ-ის უჯრედების ექსპანსიას in vivo ბიძგს აძლევს ენდოგენური ან ეგზოგენური (აუტო)ანტიგენ(ებ)ი, რომლებსაც გამოიცნობს B-უჯრედული რეცეპტორი (ბურ) და მიკროგარემოს ფაქტორების გამომცნობი რეცეპტორების დიდი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება Toll-ის მსგავსი რეცეპტორები. ქლლ პროგრესირება და სიმძიმე ასევე დამოკიდებულია ე.წ. პროგნოზული ფაქტორების ექსპრესიაზეც, რომლებსაც მიეკუთვნება CD38 მემბრანასთან ასოცირებული რეცეპტორი და ZAP70 უჯრედშიდა პროტეინ კინაზა. ცნობილია, რომ ბურ-ის საშუალებით ქლლ უჯრედებში გადაიცემა უმეტესად ანტი-აპოპტოზური, გადასარჩენი სიგნალები. ჩვენმა ჯგუფმა დაადგინა, რომ CD180/RP105 Toll-ის მსგავსი რეცეპტორი ჰეტეროგენულად არის ექპრესირებული დაახლოვებით 60% ქლლ უჯრედებზე. ჩვენ აგრეთვე დავადგინეთ, რომ CD180 რეცეპტორის შებოჭვას (ლიგაციას) მონოკლონური ანტისხეულით შეიძლება მოჰყვეს სიგნალის გადაცემის დიქოტომია: მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც გადარჩენის/ანტი-აპოპტოზური BTK/PI3K/AKT სასიგნალო გზის, ასევე ალტერნატიული პრო-აპოპტოზური p38MAPK სასიგნალო გზის ჩართვა. უფრო მეტიც, CD180-ის სასიგნალო გზის წინასწარმა აქტივაციამ შესაძლოა გადართოს ბურ-ით გაშუალებული გადარჩენის სიგნალი ქლლ უჯრედების აპოპტოზზე. მოცემული ნაშრომის ფარგლებში კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შევისწავლეთ CD180-ის პროგნოზული მნიშვნელობა მისი ექსპრესიის, სასიგნალო გზების მახასიათებლების და სხვა პროგნოზულ მარკერებთან კორელაციის დადგენის საშუალებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა CD180-ის საპასუხოდ აქტივირებულ უჯრედშიდა ალტერნატიულ სასიგნალო გზებს, მიმართულს ლეიკემიური უჯრედების გადარჩენისა ან აპოპტოზისკენ. რადგანაც ქლლ თანამედროვე თერაპიულ საშუალებებში უჯრედშიდა პროტეინ კინაზების ინჰიბიტორები შედის, შემოთავაზებული კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ CD180–ის ექსპრესიის და უჯრედშიდა სიგნალების სტრატიფიკაციული მნიშვნელობა ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევისთვის.