ავტორიზაცია
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის საწინააღმდეგო ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში
ავტორი: მაია ადეიშვილიანოტაცია:
გინეკოლოგიური სიმსივნეები ქალთა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეებია, რომლებიც XXI საუკუნეში მათი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად მილიონობით ქალი ავადდება სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური სიმსივნით და მათი დაახლოებით 30-40 % იღუპება დაგვიანებული დიაგნოზის და/ან უშედეგო მკურნალობის შედეგად. სიკვდილიანობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან საშვილოსნოსა და საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეები. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა ემსახურება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის საწინააღმდეგო ანტისხეულების შესწავლას გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში და ამ ანტისხეულების დონესა და სიმსივნის პროგრესირებას შორის კორელაციის დადგენას. აქგ გლიკოპროტეინული ჰორმონების ოჯახის პლაცენტარული წევრია. იგი უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ადამიანის სისხლში ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს და მისი ფუნქცია ამ შემთხვევაში უცნობია. ორსულობისას აქგ-ს გამოიმუშავებს ნაყოფის სინციტიოტროფობლასტის უჯრედები და იგი მონაწილეობს ფეხმძიმობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პროცესების მართვაში. აქგ ასევე წარმოადგენს მრავალი გონადური თუ არაგონადური წარმოშობის სიმსივნის ბიომარკერს. სიმსივნური უჯრედები გამოიმუშავებენ აქგ-ს და ის განაპირობებს სიმსივნის პროგრესირებას რამოდენიმე მიმართულებით. შესაბამისად, აქგ-საწინააღმდეგო ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლას მნიშვნელოვანი როლი აქვს ანტისიმსივნური თერაპიის შემუშავებაში. ასევე, აღნიშნული ანტისხეულების დამცავი როლის განსაზღვრამ სიმსივნის სხვადასხვა სტადიაზე, შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სიმსივნე-საწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინის შემუშავების პროცესში. ჩვენ გამოვიკვლიეთ საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების სისხლის შრატები და მათში განვსაზღვრეთ აქგ-ს კონცენტრაცია და აქგ-სა და აქგβ-ს საწინააღმდეგო ბუნებრივი ანტისხეულების დონე იმუნოფერმენტული ანალიზით (ELISA). როგორც მოსალოდნელი იყო, აქგ-ს დონე საკმაოდ მაღალია ავთვისებიანი პაციენტების მქონე სისხლის შრატში ჯანმრთელ დონორებთან შედარებით, ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში აქგ-ს დონე თითქმის ჯანმრთელი დონორებში არსებულ დონეს უტოლდებოდა. რაც შეეხება შრატში ანტი-აქგ და ანტი- აქგβ აუტოანტისხეულების დონეს, ის საკმაოდ მაღალი იყო კეთილთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების სისხლის შრატში, ხოლო გაცილებით დაბალი ტიტრები გამოვლინდა ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების სისხლის შრატებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან კეთილთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულებში ანტი-აქგ და ანტი- აქგβ აუტოანტისხეულების დონე სისხლის შრატში უფრო მაღალ მაჩვენებელს იძლევა, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე გამოკვლეულ პირებთან შედარებით, შესაძლოა დავუშვათ, რომ სპეციფიკური აუტოანტისხეულები ახდენენ აქგ-ს ნეიტრალიზაციას, რაც აფერხებს სიმსივნის ავთვისებიანად ტრანსფორმაციას. ვიმედოვნებთ, რომ ანტი-აქგ აუტოანტისხეულების ფართოდ შესწავლამ შესაძლოა დიდი მნიშვნელობა შეიძინოს სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიმართულებით. ადრეული დიაგნოსტიკის, სწორი პროგნოზის და შესაბამისი თერაპიული მიდგომების საშუალებით კი შემცირდება აღნიშნული სიმსივნეებით გარდაცვლილთა რაოდენობა.
მიმაგრებული ფაილები:
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის საწინააღმდეგო ანტისხეულების შესწავლა გინეკოლოგიური სიმსივნეების მქონე პაციენტებში [ka]