ავტორიზაცია
ცირკადული რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესი და მისი შესაძლო პრევენციის მექანიზმი
ავტორი: მარიამ შენგელიასაკვანძო სიტყვები: ცირკადული რიტმი, ფსიქო-ემოციური სტრესი, ანტიოქსიდანტური სისტემა, ოქსიდაციური სტრესი, კრეატინი, ჰიპოკამპი
ანოტაცია:
სტრესი თანამედროვეობის გლობალური პრობლემაა. იგი განაპირობებს ადაპტაციურ ქცევით და ფიზიოლოგიურ პასუხებს, რომლებიც აღადგენს შიდა ჰომეოსტაზს. თუმცა სტრეს-ფაქტორების მოქმედების გახანგრძლივება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს დეპრესიებს, პოსტტრამვულ სტრესულ აშლილობას და მთელ რიგ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. ამ პროცესებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი. შესაბამისად, ისეთი ნივთიერებების მოძიება რომლებთაც შესწევთ უნარი, მოახდინონ სტრესული მდგომარეობის პრევენცია, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღევანდელი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრებისეული სტილის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება მიიპყრო კრეატინმა, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა კრეატინის პროტექტორული გავლენა სოციალური იზოლაციითა და დღე-ღამური ციკლის ხანგრძლივი დარღვევით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად განვითარებულ ცვლილებებზე თეთრი ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში. ნანახია, რომ ვირთაგვას ორგანიზმში 140მგ/კგ კრეატინის 30-დღიანი ყოველდღიური შეყვანა აუმჯობესებს ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად გაუარესებულ როგორც ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ასევე ზოგიერთ ბიოქიმიურ მაჩვენებელსაც. კერძოდ, ადგილი აქვს ამ პირობებში გაზრდილი აზოტის ჟანგის, H2O2 და Ca2+-ის იონის რაოდენობრივ შემცირებას. ამის პარალელურად, აღინიშნება დაქვეითებული ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების, კერძოდ სოდ-ისა და კატალაზას აქტივობის მატებაც. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, გამოთქმულია ვარაუდი, რომ კრეატინის შეყვანისას სტრესირებული ვირთაგების ჰიპოკამპის უჯრედებში ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის მატების მიზეზი შესაძლებელია იყოს მისი მონაწილეობით უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმისა და ზოგიერთი უჯრედშიდა სასიგნალო გზების გააქტივება, რასაც მოსდევს სინთეზური რეაქციების, მათ შორის ანტიოქსიდანტური ფერმენტების რაოდენობის მატებაც. სავარაუდოა, რომ ეს პროცესი განპირობებულია კრეატინის ზემოქმედებით NMDA-რეცეპტორზე, რაც იწვევს სტრესის პირობებში უჯრედში გაზრდილი Ca2+-ის რაოდენობის დაქვეითებას და ასევე ამ იონის სიჭარბით გამოწვეული ციტოტოქსიკური ეფექტის განეიტრალებას, რაც თავის მხრივ, ვლინდება სხვადასხვა პროცესების, მათ შორის ფერმენტების სინთეზისა და შესაბამისად, მათი რაოდენობის მატებით.
მიმაგრებული ფაილები:
ცირკადული რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესი და მისი შესაძლო პრევენციის მექანიზმი [ka]