ka | en
Company Slogan TODO

„საფერავის“ ღვინიდან ექსტრაგირებული ფლავონოიდების გავლენა ვირთაგვის თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ სისტემებზე, კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიურ მოდელში.

ავტორი: მაკა ლემონჯავა
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტური სისტემები, ზეჟანგური ჟანგვა, ეპილეფსია
ანოტაცია:

ფლავონოიდები წარმოადგენენ მცენარეული წარმოშობის მეორად მეტაბოლიტებს. ქიმიური თვალსაზრისით არიან პოლიფენოლები. ადამინის ორგანიზმში კი ავლენენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება, ასევე ცნობილია მათი დადებითი ეფექტი ნეიროდეგენერაციული დაავადებისას და სხვ. მათი მოქმედების ასეთმა ფართო სპექტრმა განაპირობა უდიდესი ინტერესი ფლავონოიდების მიმართ. ფლავონოიდების ანტიოქსიდანტური როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟანგვითი სტრესის დროს, რომელიც მრავალი პათოლოგიის საწყის ეტაპს წარმოადგენს. ამ დროს ირღვევა ბალანსი პროოქსიდანტებსა და ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემებს შორის, თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ცილებს, თავისუფალ ამინომჟავეებს, ლიპიდებს, ნუკლეინის მჟავეებს, იწვევენ ლიპიდების ზეჟანურ ჟანგვას, რაც საბოლოოდ უჯრედის დაზიანებას და ორგანიზმის დაღუპვას იწვევს. ნეიროდეგენერაციულ პროცესებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ეპილეფსიას. პროგრესირებადი სპონტანური განმეორებითი ეპილეფსიური შეტევები იწვევს ჰიპოკამპის ნეირონების კვდომას და კოგნიტური/ფსიქიკური პროცესების დარღვევებს. ანტიეპილეფსიური საშუალებებით რეგულარული მკურნალობა გარკვეულწილად უზრუნველყოფს დაავადების კონტროლს, ფაქტიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ახალი თერაპევტული მიდგომების ძიება, რომელიც შეამცირებს ეპილეფსიური გულყრების სიხშირესა და სიძლიერეს, მოახდენს ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ დასწავლა/მეხსიერებაში დარღვევების შესუსტებას. ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას შეუძლია შეასუსტოს ან დაბლოკოს იმ ნეიროდეგენერაციული დარღვევების განვითარება, რაც დაკავშირებულია ჭარბი აგზნებით განპირობებულ ნეიროტოქსიკურობასთა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული ენდემური ყურძნის ჯიშის „საფერავის“ ღვინიდან გამოყოფილი ფლავონოიდების ანტიოქსდანტური თვისებების შესწავლა და მათი გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ სისტემებზე, კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიურ მოდელში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შესრულდა შემდეგი ამოცანები: ფლავონოიდების ექსტრაქცია, გამოყოფილი ფლავონოიდებს ექსტრაქტის სპექტროსკოპიური დახასიათება, ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლა, ექსტრაგირებული ფლავონოიდების გავლენის შესწავლა ანტიოქსიდანტურ ფერმენტებზე კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიურ მოდელში. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ღვინიდან გამოყოფილ ფლავონოიდების ჯამურ ფრაქციას აქვს კომპლექსური სახე და და წარმოდენილია ფლავანოიდების განსხვავებული შემადგენლობით, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებით. ვირთაგვის თავის ტვინში, გამოყოფილი ფლავონოიდური ეთილაცეტატური ექსტრაქტი, აკომპენსირებს ანტიოქსიდანტური ფერმენტების, სუპეროქსიდისმუტაზისა და კატალაზას აქტივობას ეპილეფსიურ მოდელში მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების გამოვლენის ხარჯზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com