ავტორიზაცია
ასიმეტრიული მოდების მდგრადობა და ვარსკვლავთწარმოშობა გალაქტიკის ფარული მასის ველში
ავტორი: Salome Mtchedlidzeსაკვანძო სიტყვები: ჯინსის არამდგრადობა, ფარული მასა, ვარსკვლავთწარმოშობა
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია კუმშვადი იზოთერმული გარემოს გრავიტაციული მდგრადობა გალაქტიკის ფარული მასის ველში. ამისათვის, ვარსკვლავური ნივთიერების სიმკვრივე და ფარული მასის პოტენციალი გაშლილია სფერულ ჰარმონიკებად და ჩატარებულია წრფივი მდგრადობის ანალიზი. დისპერსიული განტოლება არა-რადიალური მოდებისათვის მიღებულია ზოგადი შემთხვევისათვის. სფერულად სიმეტრიული მდგომარეობისათვის ნეიტრალური გრავიტაციული მდგრადობის პირობის დაშვებით კი მიღებულია მდგრადობის კრიტერიუმები მაღალი რიგის მულტიპოლებისათვის. ნაშრომში მიღებულია კავშირი ხილული ბარიონული ნივთიერების სიმკვრივესა და ფარული მასის გრავიტაციული პოტენციალის სფერულ ჰარმონიკებს შორის. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ფარული მასის ასიმეტრია, რომელიც შეიძლება აღიწერებოდეს ერთი რიგის სფერული ჰარმონიკით, შეიძლება დაკავშირებული იყოს ხილული მასის მაღალი რიგის ჰარმონიკებთან. ამგვარად, ბარიონული მატერიის ასიმეტრია - მაგ. გალქტიკებში ვარსკვლავური მასის განაწილების ასიმეტრია, კავშირშია ფარული მასის ჰალოს ასიმეტრიასთან, რითიც განპირობებულია ლოკალურად ჯინსის მასის კრიტერიუმის მოდიფიკაცია. მიღებული შედეგი შეგვიძლია გამოვიყენოთ გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმოშობის პროცესების შესასწავლად, სადაც ფარული მასის პოტენციალი გავლენას ახდენს ლოკალური გრავიტაციული არადმგრადობის პროცესზე . მეორე მხრივ, ხილული მასის ანიზოტროპიის ცოდნა საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ფარული მასის ჰალოს თვისებები.