ავტორიზაცია
საქართველოს სამრეწველო რეგიონის ბოლნისი-კაზრეთის სახნავ-სათესი ნიადაგების მძიმე მეტალებით დაბინძურების და ტოქსიკურობის ხარისხის შესწავლა ტესტ-მეთოდების გამოყენებით
ავტორი: ნინო ბიჭიაშვილისაკვანძო სიტყვები: ნიადაგები, მძიმე მეტალები, ტოქსიკურობის ხარისხი
ანოტაცია:
არასწორი ანთროპოგენური ზემოქმედებისა და სამთო-გამამდიდრებელი მრეწველობის ინტენსივობის ზრდასთან ერთად მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურების საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რადგან ხმელეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის დაბალპროდუქტიული და ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგებით. ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს ქვემო ქართლის (ბოლნისი-კაზრეთი) სამრეწველო რეგიონი, აქ არსებულ საბადოთა („არემჯი კოპერი“ და „არემჯი გოლდი“) გარემოზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით გამოვიკვლიეთ სახნავ-სათეს ნიადაგებში საერთო ორგანიკა, ჰუმუსი, მძიმე მეტალების ხსნადი ანუ მოძრავი ფორმები, ვალენტობა, pH, ტოქსიკურობის ხარისხი და გავრცელების არეალი. ჩვენი კვლევის უმთავრესი სამეცნიერო-პრაქტიკული ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მძიმე მეტალებით დაბინძურების და ტოქსიკურობის ხარისხის შესწავლა თანამედროვე ტესტ-მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის რეკულტივაცია-გაჯანსაღების პირობების დადგენა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით. ნაშრომში გამოყენებულია EPA-ს თანამედროვე ტესტ-მეთოდები, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და უპრეცედენტოა. თემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საკვლევი ობიექტის შესახებ სრულყოფილ ანალიზსა და შედეგებს, დავადგინეთ მძიმე მეტალების ხსნადი, მოძრავი ფორმების რაოდენობრივი განსხვავება მდინარე მაშავერას საირიგაციო სისტემის გამოყენებით სავარგულების მორწყვამდე და მორწყვის შემდგომ. კვლევების სრულყოფის მიზნით გამოყენებულია თანამედროვე აპარატურა: ატომურ-აბსორბციული, სპექტრალური, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი მასპექტრომეტრები. საკვლევ ტერიტორიაზე ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით, რაც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას, შესაძლებელია მარტივი, ინოვაციური ტექნოლოგიის-არაქიმიური K3 სასუქ-სტიმულატორის გამოყენება, რომელიც ნიადაგში ქმნის ისეთ განაწილებას, მარაგს და სტიმულირებას მიკროორგანიზმებისთვის, რომლებიც თავის მხრივ აწესრიგებენ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, pH-ს და სხვ. არაქიმიური სასუქის გონივრული სისტემა სათანადო დონეზე უზრუნველყოფს ნიადაგების არამარტო კვებით რეჟიმს, არამედ ბიოტის აქტიურობას. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების-რატევანისა და კარატიკანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა, ერთმანეთისთვის შეგვედარებინა ფოლადაურისა და მაშავერას ხეობების ნიადაგების დაბინძურების ხარისხი.