ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ტერიტორიაზე აქსელერომეტრული სენსორების სისტემის შექმნა გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგისათვის

ავტორი: თორნიკე ჭიკაძე
ანოტაცია:

მსოფლიოს სეისმურ რეგიონებში ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმოებულმა კვლევებმა დაადასტურეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ერთის მხრივ მიწისძვრებსა და ლითოსფეროში დაძაბულობის ველის ცვლილებასა და მეორეს მხრივ, ამ გეოდეფორმაციულ პროცესებსა და გარემოს გეოფიზიკურ და ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმებს შორის. მიწისძვრის მომზადების პროცესში ფიქსირდება ანომალიები. ჰიდროდინამიკურ ანომალიებს და სეისმურ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის ანალიზისას ხდება წარმოქმნილი ანომალიების სიდიდეების და ეპიცენტრში სეისმური დაძაბულობის სიდიდეების შედარება, რაც არაინფორმატიულია. რამდენადაც ვერ ხერხდება წინმსწრები დაძაბულობის ან სეისმური ტალღის მიერ წარმოქმნილი ქანების დაძაბულობის გაზომვა უშუალოდ დაკვირვების პუნქტში, ეს იწვევს უზუსტობებს რაც გამოწვეულია გეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნებით და ჭაბურღილების განსხვავებული ტენზომგრძნობიარობით. ამდენად, მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პარამეტრების (წყლის დონის და სეისმური ტალღით გამოწვეული დაძაბულობის ცვლილება) რეალური მნიშვნელობების შედარება უშუალოდ დაკვირვების პუნქტზე დაფიქსირებული სიდიდეების მეშვეობით. ჰიდროგეოდინამიკური დაკვირვების ელემენტი-ღრმა ჭაბურღილი, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მგრძნობიარე მოცულობითი დეფორმოგრაფი, რომელიც რეაგირებს ყველა სახის დეფორმაციაზე, როგორც ეგზოგენურ ასევე ენდოგენურ პროცესებზე. ეგზოგენური პარამეტრების (ამოსფერული წნევა, ნალექიანობა, მიმოქცევითი ვარიაციები) მნიშვნელობები მიიღება გაზომვების შედეგად ან გაითვლება უშუალოდ პუნქტისთვის, ხოლო სეისმური მოვლენის წინმსწრები დაძაბულობის ველის ან სეისმური ტალღით გამოწვეული დაძაბულობის გაზომვისთვის საჭიროა სპეციალური აქსელერომეტრული რეგისტრატორით მიმღები კოპლექსის შექმნა და მონტაჟი უშუალოდ ჭაბურღილებზე. აღნიშნული პროექტის კვლევის მიზანს წარმოადგენს მსგავსი კომპლექსის შექმნა, სარეჟიმო ჭაბურღილებზე მათი მონტაჟი და მონაცემთა გადაცემა რეალურ დროში მათი კომპლექსური ანალიზისთვის, სეისმო- საშიშროების შესაფასებლად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com