ka | en
Company Slogan TODO

მდ. ნენსკრას ხეობის ოქროს გამადნებების თავისებურებანი

ავტორი: დავით მაქაძე
საკვანძო სიტყვები: ზემო სვანეთი. ოქრო, დისტანციური ზონდირება
ანოტაცია:

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში „მდ. ნენსკრას ხეობის ოქროს მადანგამოვლინებების თავისებურებანი“, განხილულია ზემო სვანეთის და კერძოდ მდ. ნენსკრას ხეობის ოქროს მინერალიზაციის საკითხი. აღნიშნული თემატიკა ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურია რადგან საქართველო უკვე შევიდა ოქროსმომპოვებელი ქვეყნების რიცხვში. შესაბამისად გაიზარდა ინტერესი მინერალურ ნედლეულზე და კერძოდ კეთილშობილ მეტალებზე. ამ მხრივ ზემო სვანეთის რაიონი და კერძოდ მდ. ნენსკრას ხეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. 1970-იან წლებამდე ითვლებოდა, რომ კავკასიონის კრისტალური ფუნდამენტი ღარიბი იყო მინერალური ნედლეულის თვალსაზრისით და მდ. ენგურის და მისი შენაკადების ოქროსშემცველი ქვიშრობების წყაროს ძებნა მეზოზოურ კომპლექსებში მიმდინარეობდა. 1976-78 წლებში კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტმა ჩაატარა სარევიზიო სამუშაოები მდ. ენგურის ქვიშრობებში და აღმოჩნდა, რომ 40 წლის განმავლობაში ქვიშრობების ხელახალი შევსება მოხდა ოქროთი. დაისვა საკითხი ოქროს წყაროს მოძებნის, რადგან ლიასის გამკვეთი კვარცისძარღვები ვერ მოგვცემდნენ ამ რაოდენობის ოქროს. შემდეგ კავკასიონის კრისტალურ ფუნდამენტში მიკვლეული იქნა რამოდენიმე ოქროსმატარებელი მადანგამოვლინება ალიბეგის რეგიონალური რღვევის გასწვრივ რომელთა შესწავლა დღესაც მიმდინარეობს. წინამდებარე ნაშრომიც აღნიშნულ თემატიკას ეძღვნება და განხილულია მდ. ნენსკრას ხეობის მადნიანობის საკითხები. შეჯამებულია წინა მკვლევარების შედეგები და ჩამოყალიბებულია რეგიონის ამგები ქანების ტექტონიკური პოზიცია. შესწავლილია ინტრუზიული, სუბვულკანური და მეტამორფული კომპლექსები, როგორც ლიტერატურული ისე ჩვენი მასალის შეჯამების შედეგად. მაგმური ქანების შედარებითი პეტროქიმიური ანალიზის საფუძველზე გარკვეულია აღნიშნული კომპლექსების ფორმაციული კუთვნილება და მათი პეტროგენეტური მოდელი. მდ. ნენსკრას ხეობის მადნიანობა განხილულია პალეოზოური ასაკის გრანიტოიდულ ინტრუზივებთან და გრანიტ-მიგმატიტურ სერიასთან კავშირში. დახასიათებულია ოქროს მატარებელი რამდენიმე საყურადღებო მადანგამოვლინება (გვაშხარა, თეთნაშერა, მემული, ცხვანდირი, ჰოკრილა). მდ. ნენსკრას ხეობა შესწავლილია, დისტანციური ზონდირების მეთოდით, რომელიც სიახლეს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც წინასწარ გამოვლინდა ჰიდროთერმალურად შეცვლილი ზონების, კვარცით მდიდარი უბნების, სერიციტიზაცია-კაოლინიზაციის და ოქროს ანომალიები. დეტალური ძებნა-შეფასებითი სამუშაოები ჩატარდა ჰოკრილას და თეთნაშერას მადანგამოვლინებებზე. დასინჯულია აღნიშნული მადანგამოვლინებების მადანშემცველი ქანები და მადნები. გაკეთებულია, როგორც გამჭვირვალე ისე, პოლირებული შლიფები, სინჯების ანალიზები კეთილშობილ მეტალებზე (Au) შესრულებულია კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების“ პროექტის ფარგლებში. მიღებული შედეგების და ფონდური მასალების გაანალიზებით გარკვეულია მდ. ნენსკრას ხეობის პერსპექტიულობა ოქროს მინერალიზაციის მხრივ. გამოყოფილია ოქრო-კვარც-მცირესულფიდური გამადნებისათვის პერსპექტიული უბნები მდ. ნენსკრას ხეობაში.


მიმაგრებული ფაილები:

მდ. ნენსკრას ხეობის ოქროს გამადნებების თავისებურებანი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com